სად წავიდეთ ზამთრის არდადეგებზე?

ზამთრის დღესასწულებზე  ბავშვებთან ერთად უფროსებსაც ძალიან გვინდა გვჯეროდეს საოცრების. არის ადგილები, სადაც საშობაო ატმოსფერო ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობა. გისურვებთ, ერთხელ მაინც იმოგზაუროთ ზღაპარში და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა სადღესასწაულო ფუსფუსში.

ლაპლანდია, ფინეთი
ლაპლანდია სამართლიანად ითვლება შობის ევროპულ დედაქალაქად და ყოველ წელს ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ბავშვობის ზღაპრის ძიებაში თქვენ არა მარტო ნამდვილ სანტა-კლაუსს გაიცნობთ, არამედ იმ ჯადოსნური მარხილითაც გაისეირნებთ, რომლითაც სანტა ახალი წლის ღამეს მოგზაურობს და მსოფლიოს ბავშვებს თავისი საჩუქრებით ახარებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ სანტა-კლაუსის ხელით გაკეთებული სუვენირები ან დაეხმაროთ მას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ ადგილობრივ ფოსტაში შევლაც, საიდანაც თქვენს ახლობლებს ღია ბარათებს გაუგზავნით პოლარული წრის ლოგოთი.

ბუდაპეშტი, უნგრეთი
თუ ცენტრალურ ევროპაში გეგმავთ მოგზაურობას, რამდენიმე დღით ბუდაპეშტსაც ესტუმრეთ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა მოინახულეთ, სადაც არა მარტო ევროპული ქვეყნებისთვის ტრადიციული ჯანჯაფილის ორცხობილებით და გლიტვეინით გაგიმასპინძლდებიან, არამედ უნგრელი ოსტატების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციასაც შემოგთავაზებენ. გირლიანდებით და ფერადი ნათურებით მორთული მაღაზიები სავსეა ნატურალური მასალის ნაძვის ხის სათამაშოებით, მოქარგული სუფრებითა და ხელსახოცებით, ტყავისა და ტექსტილის აქსესუარებით და სხვა ავთენტური თვითნაკეთი სუვენირებით. არ გამოგრჩეთ განათებული ტრამვაით მოგზაურობაც, რომელსაც, როგორც ამბობენ, იღბალი და წარმატება მოაქვს.

ამსტერდამი, ნიდერლანდები
ნიდერლანდებში შობის აღნიშვნა 5 დეკემბერს იწყება, როცა სანტაკლაასი (ჰოლანდიელი სანტა-კლაუსი) ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. ყოველთვის ლამაზი ამსტერდამი დეკემბრის თვეში განსაკუთრებით მშვენიერია –  სხვადასხვა ფერებში განათებული ცენტრალური არხები, ხიდები და უძველესი შენობები ქალაქში დღესასწაულის და ზღაპრულობის ატმოსფეროს ქმნიან.   

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ყოველ წელს ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე ლონდონის ჰაიდ-პარკში საშობაო თემატური პარკი Winter Wonderland იხსნება, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ასიათასობით ფერადი ნათურით განათებული ბრიტანეთის ყველაზე დიდი საციგურაო მოედანია. გარდა ამისა, პარკში ორი ცირკი და უამრავი ატრაქციონი მუშაობს, აქვეა ყინულის ფიგურების გამოფენა და საშობაო ბაზრობა საჩუქრების და სუვენირების ფართო არჩევანით. პარკში შესვლა უფასოა, ატრაქციონებზე გართობასა, ტრადიციულ გლიტვეინსა და ცხელი კაკაოს დაგემოვნებაში კი, გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ.

სად წავიდეთ ზამთრის არდადეგებზე?
4 ზღაპრული ქალაქი, რომელიც შობას აუცილებლად უნდა ნახოთ.
261
ვრცლად
ქცევის 5 წესი იღბლიანი მოგზაურობისთვის
წესები აეროპორტში და თვითმფრინავში, რომლებზე მხოლოდ გამოცდილმა მოგზაურებმა იციან.
635
ვრცლად